logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში 45 ინფიცირებულია მოთავსებული, 16-ის მდგომარეობა მძიმეა - ეზუგბაია

22 აპრ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზგუბაიამ განაცხადა.

"ჩვენ გუშინ 46 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ერთი დღეს გაეწერება და დარჩება 45. ის 2 მძიმე პაციენტი, კრიტიკულთან მიახლოებული, რომელზეც ხშირად ვსაუბრობდით, უკვე ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად არიან და შეიძლება უკვე განვიხილოთ, როგორც მძიმე პაციენტები. აქედან გამომდინარე 14 მძიმეს დაემატება ეს ორი და გვეყოლება 16 მძიმე ავადმყოფი. გარდა ამისა, გუშინ შემოსული ორი პაციენტიდან რადიოლოგიური მონაცემების, კლინიკის და გაფართოებული კვლევების შეჯერებით, ერთ-ერთთან მაინც დასტურდება პნევმონია და შეიძლება ითქვას, რომ ის არის მე-17 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის არის. რაც შეეხება მოზარდებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცვლილებები არ ყოფილა ამ 24 საათის განმავლობაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან ინფიცირების 3 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები ბოლნისის სასწრაფოს და სვანეთის კლასტერებთან არიან დაკავშირებული.

"ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია. ეს არის ბოლნისის სასწრაფოს და სვანეთის წყაროებიდან. გაჯანმრთელებულები როგორც იცით გუშინ საღამოს გვქონდა 97, დღეს დაემატა ჩვენთან ერთი და გახდა 98. თუ შევაჯერებთ ამ მონაცემებს, ამ ეტაპზე ისევ 313 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს კოვიდის ცენტრებში", - აღნიშნა ეზუგბაიამ.


close დახურვა