ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკაში მყოფ ორ პაციენტზე ისაუბრა, რომელთაც მედიკოსები კორონავირუსზე აკვირდებიან და განაცხადა, რომ არსებობს თეორიული შანსი, მათ კორონავირუსი ქონდეთ.
„რაც შეეხება ორ მოქალაქეს ერთია ახალგაზრდა კაცი და მეორე ახალგაზრდა ქალბატონია, ორივე მათგანი ჩინეთში იმყოფებოდა. ერთი მუშაობდა და მეორე სწავლობდა. აქ გაურკვევლობის მცირე თეორიული პროცენტი რჩება, რომ შესაძლოა, ამ პაციენტებს, რახან სხვა გამომწვევები არ იქნა ნანახი, ქონდეთ კორონავირუსი. ამ მიზნით, ნაცხი გერმანიაში გაიგზავნება. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიული შანსია, რადგან მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოს ერთ მოქალაქეს ამოწმებენ, რომელიც უხანიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს უკვე შეამოწმეს 2 არასრულწლოვანი ჩინეთის მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ მათ A ტიპის გრიპი დაუდგინდათ. აღსანიშნავია, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია მიუღებელია.
31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.