logo
ENG



ინფექციურის დირექტორი კორონავირუსზე: კლინიკაში შესამოწმებლად 4 პაციენტი რჩება

26 თებ 202009:39
3 წუთის საკითხავი
clock 763

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის დასადგენად ბოლო ორი დღის მანძილზე 9 პაციენტი მოათავსეს. მათგან 5-ს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ამჟამად საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება. ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები იტალიიდან არიან დაბრუნებულები, მათი ნაწილი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს, ნაწილმა კი სამედიცინო ცენტრს საკუთარი სურვილით მიაკითა. კორონა ვირუსის დასადგენი ტესტის პასუხები დღეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„24-სა და 25-ში შემოვიდა სულ 9 პაციენტი. აქდან, 5-მა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ისინი კლინიკიდან გაეწერნენ. ამჟამად, კლინიკაში 4 პაციენტი რჩება. აქედან ერთს აქვს ტემპერატურა, ხოლო დანარჩენის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურა არ აქვთ“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ევროპის ქვეყნებში უფრო და უფრო ვრცელდება. ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები ავსტრიაში, ხორვატიაში, შვეიცარიასა და  რუმინეთში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა იტალიასა და ესპანეთშიც. ვირუსით დაავადების შემთხვევა დაადასტურეს ასევე აფრიკის კონტინენტზე - ალჟირში. პირველი დაინფიცირებული გამოვლინდა ბრაზილიაშიც. 

ვირუსი გავრცელებასთან დაკავშირებით რომში მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. შეხვედრაზე იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა არაპროპორციულ ქმედებად მიიჩნიეს. ამერიკის შეერთებულ  შტატებში კი მოსახლეობას ვირუსის გარდაუვალი გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. ბოლო 24 დღის განმავლობაში ჩინეთში ვირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობამ 2 666-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რაოდენიბა 77 ათასამდე გაიზარდა.

ამავდროულად, ვირუსისგან 2 ათასზე მეტი ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.  


close დახურვა