logo
ENG



ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა

01 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბოქსირებულ განყოფილებაში კვლავ გრძელდება სამუშაოები და განყოფილება კოვიდინფიცირებულების მიღებას, სავარაუდოდ, 3 კვირაში შეძლებს. 

"ჩვენთან ინფრასტრუქტურის გამართვის თვალსაზრისით მიმდინარეობდა სამუშაოები. გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში განვაახლეთ ორ კორპუსში პაციენტების მიღება - განახლდა აივ/შიდსის და კოვიდ-19-ის პაციენტების მიღება მხოლოდ ერთ კორპუსში. ძირითადი ბაზა ჩვენი კოვიდ-19-სთვის გახლავთ ბოქსირებული განყოფილება, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში მიდის ჯერ ინტენსიური სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ 3 კვირაში ყველა მიწოდების სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კლინიკამ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოს შეაჩერა. ამასთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თებერვალში ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა, ჩივილის მიზეზი კი საავადმყოფოში სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონა გახდა. მისი თქმით, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმირებული იყო. 


close დახურვა