logo
ENG



ინფექციურში მყოფი 15 პაციენტის ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან

20 მარ 202008:13
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 15 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. ამჟამად კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 31 პაციენტი იმყოფება. მათ შორის 11-ს პნევმონია აღენიშნება.

დამაკმაყოფილებელია არასრულწლოვნების მდგომარეობა, თუმცა, შედარებით მძიმე პაციენტად ითვლება 86 წლის ქალი. მას ნევროლოგიური დაავადება აქვს და ექიმები ვარაუდობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის მარინა ენდელაძის თქმით, ექიმებს კონტაქტი აქვთ პირველ გამოჯანმრთელებულთანაც, რომელიც თავს კარგად გრძნობს.

"ამჟამად 31 პაციენტია. უმეტესობას აქვს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გამოხატული სიმპტომატიკა. 11-ს აქვს ფილტვებს ანთება. რაც შეეხება 86 წლის ქალბატონს, მისი მდგომარეობა რა თქმა უნდა მძიმეა. აქ არის სხვა ფონური დაავადება და ასაკი, ამიტომ ის განსაკუთრებით საყურადღებოა. გამოჯანმრთელებას მეორე და მესამე პაციენტის მალე ველოდებით. ალბათ 2-3 დღეში გაეწერება", - აღნიშნა ენდელაძემ.

მეორე და მესამე პაციენტების გამოჯანმრთელებას კი ინფექციურში რამოდენიმე დღეში ელოდებიან. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაახლოებით 2 კვირაში მოხდება პაციენტების პირველადი შემოწმება კორონავირუსზე

"არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. სტაბილურად არის. 14 დღის შემდეგ შეფასდება მათი მდგომარეობა, თუ შესაძლებელი იქნება, სადღაც მე-15 დღეზე მოხდება მათი პირველი ტესტირება", - განაცხადა ეზუგბაიამ

20 მარტის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსი სულ 40 პაციენტს დაუდგინდა. აქედან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა. 


close დახურვა