logo
ENG



ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან - ეზუგბაია

17 მარ 202019:43
3 წუთის საკითხავი
 

ეზუგბაიას თქმით, შიდაგავრცელების ფაქტები არ დასტურდება, თუმცა ერთმა პაციენტმა არ იცის ინფიცირების წყარო. გამკაცრებული ღონისძიებები, მისივე განმარტებით, მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს.

„ჯერ შიდაგავრცელებაზე საუბარი არაა, ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან - ცნობილია მათი მოგზაურობის მარშრუტები. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ტარდება ეს ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება და, ალბათ, გამკაცრდება ღონისძიებები", - ამბობს მარინა ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერება - ნომერ მეორე და მესამე პაციენტების ბოლო ტესტები უარყოფითია.

„მესამე პაციენტთან დღეს ჩატარდა გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი, 24-საათიანი ინტერვალით ჩატარდება კიდევ ტესტირება. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში მეორე და მესამე პაციენტები დატოვებენ კლინიკას", - აცხადებს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, დღეს ჩატარებული 11 პაციენტის ტესტის პასუხები უარყოფითია - მათ არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი. მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია, ერთი გაეწერა - იყო 29, დარჩა 28. 11 პაციენტზე მივიღეთ პასუხები, ყველა უარყოფითი. დღის მეორე ნახევრისთვის კიდევ 11 ტესტი ჩავატარეთ - შედეგები დილისთვის იქნება ცნობილი. ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა, პირველთან დადასტურებულია პნევმონია - საშუალოზე მძიმედ მიმდინარეობს, გამოხატულია ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.


close დახურვა