დაინფიცირებული ექიმები, დახურული კლინიკები და მედ-პერსონალი, როგორც ახალი გავრცელების წყარო. მხოლოდ თბილისში უკვე რამდენიმე კლინიკა დაიხურა ექიმების კოვიდინფიცირების გამო, მედიკოსები პრევენციისთვის კი ამ დრომდე კარანტინს და თვითიზოლაციას იყენებენ.
მედპერსონალის აგრესიული ტესტირება, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო, ჯერ არ ტარდება.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19, მათ შორის ერთ-ერთი დაინფიცირებული მღვდელმსახურის ოჯახის წევრია.
მდგომარეობას ართულებს ის, რომ დაინფიცირებული მედიკოსები პარალელურად სხვა დაწესებულებებშიც მუშაობდნენ, რაც სამედიცინო კლასტერს სულ უფრო ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.