logo
ENG



იოსელიანი: თვითმმართველობის არჩევნებს ჟვანია არ ჩაატარებს

08 თებ 202111:42
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს თამარ ჟვანია არ ჩაატარებს.  

"ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. სულ სხვანაირად რომ ჩატარდეს არჩევნები საქართველოში. ჩატარდეს გამჭვირვალედ, გასაგებად, შეუძლებელი იყოს მანიპულირება, შეუძლებელი იყოს კარუსელების გამოყენება, მკვდარი სულების გამოყენება. დაუბალანსებელი ოქმები საერთოდ ამოვარდეს დღის წესრიგიდან, იმიტომ, რომ არჩევნები მთვლელი მანქანებით უნდა ჩატარდეს. კითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები, აღარ უნდა დაისვას. ეს არის მთავარი, რაც ამ მემორანდუმში წერია. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ჟვანია აღარ იქნება ცესკოს თავმჯდომარე. განსხვავებული იქნება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და ა.შ. ამ რეფორმის ფარგლებში განსხვავებული წესით მოხდება თავმჯდომარის არჩევა და არც თამარ ჟვანია იქნება ცესკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი". - თქვა იოსელიანმა. 

ლევან იოსელიანმა ეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ თქვა. შეხვედრას მასთან ერთად ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

მოქალაქეები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტს, სხვა ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა, მოგვიანებით პოზიცია შეიცვალეს. ალეკი ელისაშვილმა თქვა, რომ "თუ მიიღებდნენ გაწიკწიკებულ საარჩევნო სისტემას", პარლამენტში შევიდოდა. ისინი ასეც მოიქცნენ და მმართველ გუნდთან მემორანდუმიც გააფორმეს, რომელიც, როგორც ამბობენ, სწორედ საარჩევნო სისტემას ეხება.

"მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია, გვინდა ეს და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. დღეს რა სამუშო შეხვედრაც არის, რაც დაიწყო და რამაც 1-ლ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და 1-ლ მაისამდე მოქმედი კანონის, ამან უნდა მოგვიტანოს სანდო არჩევნები. ეს იქნება ყველაზე სერიოზული მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი". - ამბობს დღეს, 8 თებერვალს ალეკო ელისაშვილი. 

ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში. 

ასევე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის თითის ანაბეჭდით მიცემის საშუალებას იძლევა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომდაგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, ის ცვლილებები, რაც მემორანდუმით არის გათვალსიწინებული, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საარჩენო კომისიების დაკომპლექტების წესი ძირეულად შეიცვლება და ის კვლავ ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდება. 

"ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იმ ჩანაწერებით, რაც ახლა არის მემორანდუმში, ვერ ვხედავთ, რომ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. არსებობს რისკები, რომ კვლავ დარჩეს საარჩენო კომისიები ერთი პარტიის გავლების ქვეშ. იმ ვარიანტით, რაც არის წარმოდგენილი, პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრები კვლავ მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით იქნებიან შეჩეულები". - ამბობს ლევან ნატროშვილი. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თანხმდება. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებითაც მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. 

მანდატების გაუქმება არ მოუთხოვია გირჩის განაყოფს - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი პარლამენტშიც შევიდნენ, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების დაპირების სანაცვლოდ. ასევე, პარლამენტში არიან პატრიოტთა ალიანსის სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დააარსეს. 


close დახურვა