logo
ENG



იოსელიანი: მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ - არა

15 ოქტ 202215:52
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი: მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ - არა
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, თუმცა ამ რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე არ დაეთანხმა. 

ინფორმაციას გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

იოსელიანის ცნობით, რეგლამენტით შესაძლებელი იყო მხარი მხოლოდ რეზოლუციისთვის დაეჭირა და არა შესწორებისთვის და ასეც მოიქცა.

იოსელიანის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას და უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს, წარმომადგენლების მხრიდან სრული კონსოლიდაცია ჰქონდა.

მისი აზრით, ეს რეზოლუცია შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია „რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას“ - ამბობს იოსელიანი.

დეპუტატი აცხადებს, რომ ერთადერთი უხერხულობა მაშინ შეიქმნა, როცა მეოთხე შესწორების საკითხი დადგა, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს შორის მიხეილ სააკაშვილსაც მოიხსენიებდა. იოსელიანის თქმით, ეს შესწორება „რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო“.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში. როგორც იცით, იქაც იყო მიღებული რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ამ რეზოლუციას გაეროში მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, აქაც სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება იყო წარმომადგენლების მხრიდან. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას. დღეს რუსეთის პოლიტიკას, ფაქტობრივად, გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო.

ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე.

გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზნეცევამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანას, ამ შემთხვევაში უკრაინას, იარაღი მიაწოდონ.

ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:

„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.


close დახურვა