logo
ENG



იოსელიანი: სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს

13 მარ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი: სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს
ფოტო: ვახო ქარელი

პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი კრისტიან დანიელსონთან შეხვდრის შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიციამ სასამართლოს რეფორმა არ უნდა დათმოს ვადამდელი არჩევნების გამო.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სასამართლო რეფორმა პირადად მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„დოკუმენტში, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. პოლიტპატიმრების საკითხი, მე მგონია, რომ პოზიტიურად გადაწყდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პრობლემის საფუძველს და არა პრობლემის შედეგს", - განაცხადა იოსელიანმა.

ოპოზიცია ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება მათთვის უმნიშნელოვანესია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

დანიელსონი თბილისში გუშინ 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. ის გუშინვე შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.

 


close დახურვა