სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცმყოფელ გამოსვლებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი განცხადებებს შეაფასებს და გამოაქვეყნებს შესაბამისს ანგარიშს.
"ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს", - ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.
პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.