სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ვეტინგთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება "საბოლოო ჯამში, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს".
ომბუდსმენს ალბანეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისივე თქმით, ამ სისტემამ "უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა".
"ჩვენ ვიცით მაგალითად ალბანეთის მოდელი, როდესაც ვეტინგის სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა. სხვა ქვეყნებთან მიმართებით უფრო უკეთაა ეს ყველაფერი შესასწავლი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გვქონდეს შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ეს არის მნიშვნელოვანი"- თქვა იოსელიანმა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.