logo
ENG



იოსელიანი მოსამართლეებზე: ვაღიაროთ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს უზენაესში განწესებას

30 ნოე 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock 469
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უმაღლეს ინსტანციაში განწესებას არ იმსახურებენ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იოსელიანმა აღნიშნა, რომ კანდიდატებმა ვერ გაართვეს თავი როგორც პროფესიულ, ისე კეთილსინდისიერ ნაწილში.

"ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, რომ 28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით. მერე დაიწყო სასამართლოში მუშაობა დარაჯად, მერე კურიერად და სულ მოკლე ვადაში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა. ეგეთი კითხვა მაქვს, დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები, რომ... სოფლის მეურნეობაში კი არა არის პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი იმდენ კითხვის ნიშანს ბადებს, საერთოდ არც უნდა განხილული ამ კანდიდატის პარლამენტში ნომინირება და გამოგზავნა. მეორე მოსამართლე რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მიღებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეზე, 11 წელი ეს ორი ადამიანი იჯდა ციხეში უკანონოდ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა. 2012 წლის შემდეგ სასამართლომ ეს ორი ადამიანი გაამართლა. და ეს მოსამართლე არის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს მაინც და მაინც უზენაესში", - აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ გასცა პასუხი კითხვა, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა:

"ყველაფერი იწყება აღიარებით. გუშინ განხილვის მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა და რა არ მომეწონა? არ მომეწონა, რომ არ დაიწყო თავისი შეცდომების აღიარებით.იგივე ხდება აქაც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს მოსამართლეებმა ჩაიდინეს ისეთი გადაცდომები, რომ არ იმსახურებს უზენაეს სასამართლოში განწესებას.

ეს კანდიდატები შემოვლენ აქ და გთხოვთ სუყველას და გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი და როცა კენჭისყრა იქნება, გახსოვდეთ, რომ იწყება ყველაფერი აღიარებით, რომ ვაღიაროთ რომ ეს ხალხი არ იმსახურებს უზენაესი სასამართლოში განწესებას".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. 

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებიან სახალხო დამცველი აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. 


close დახურვა