პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართავს, რომ მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა ის მათ ეუბნებოდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა ამ ყველაფერს გამოიწვევდა.
მან დეპუტატებს უთხრა, რომ კანონებს "უბრალოდ ქაღალდზე დაწერისთვის" არ იღებენ.
"ეს კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის მიღებული იმისთვის, რომ ემსახურებოდეს ამ ქვეყანაში სიმშვიდეს და ხალხის ინტერესებს, ეს კანონები თავისთვის არ არის მიღებული, რომ უბრალოდ დაწერილი იყოს ქაღალდზე და 2-3 დღის წინ როცა გეუბნებოდით, რომ კანონში რომ წერია, ეს უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომ იმუნიტეტის მოხსნა გამოიწვევდა ამ ყველაფერს, მაშინ უნდა გვეფიქრა ამ სიტუაციაზე. კანონის დაცვამ თუ მიიყვანა ეს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ეს არ არის გამოსავალი", - თქვა იოსელიანმა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.