სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას და მიიჩნევს, რომ "ინიციატივის მიზანი - გამჭვირვალობის გაზრდა ლეგიტიმურია", თუმცა ფიქრობს, რომ მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე.
სახალხო დამცველის პოზიციით, "ლეგიტიმური მიზნის მიღწევა" შესაძლებელია მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებითაც.
იოსელიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს - განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან.
"1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად.
საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
შესაბამისად სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას"- ნათქვამია განცხადებაში.