მოქალაქეების გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილებას მანდატების უარის თქმასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გინდოდეს და ამავე დროს სიას ანულებდე.
როგორც იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, მას გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილების გამო გული წყდება და მიიჩნევს ასეთი ტიპის ქმედებები "მოლაპარაკებების პროცესის ბოლომდე მიყვანას აზიანებს". ის ამბობს, რომ შეთანხმების ბოლომდე მიყვანა ბევრ პარტიას სურს, თუმცა მათ სითამამის დეფიციტი აქვს.
"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დავაზიანოთ და არ შედგეს, მოდით პირდაპირ ვთქვათ მაშინ. თან მანდატზე უარს ვამბობ და არ შევდივარ, თან მოლაპარაკება მინდა, რომ მერე თუ მოვილაპარაკებთ, პარლამენტში შევიდე, ესე არ არის...ამ პროცესს უყურებს უამრავი ადამიანი, არ შეიძლება ამ ხალხს ორპირად ველაპარაკოთ, გიორგის არ ვგულისხმობ ახლა, მაგრამ პროცესი ასე ჩანს გარედან", - ამბობს იოსელიანი.
იოსელიანის თქმით, "ისინი იქნებიან ერთადერთები, ვინც ბოლომდე იბრძოლებს, რომ შეთანხმება ბოლომდე შედგეს.
"ვაშაძესაც უნდა შეთანხმების ბოლომდე მიყვანა და ბევრ სხვასაც. უბრალოდ უნდა ეყოთ სითამამე და ამაზე ილაპარაკონ. სითამამის დეფიციტი აქვთ...", - განაცხადა იოსელიანმა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არ დაესწრება არც ერთი ოპოზიციური პარტია. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. ის აცხადებს, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარის თქმას და სიების განულებას გეგმავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს სტრატეგია აღაშენებელმაც გამოაცხადა. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სიების განულების მოთხოვნით ცესკო-ს ხვალ მიმართავს.