logo
ENG



იოსელიანი ღარიბაშვილს: გისურვებთ, თქვენ გიკავშირდებოდეთ სასამართლოს რეალური რეფორმა

28 ივნ 202117:38
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილს უსურვა, მის სახელს დაუკავშირდეს სასამართლოს რეალური რეფორმა.

სასამართლო სისტემაზე იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ უნდა შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნა ისე, როგორც ეს წერია 19 აპრილის შეთანხმებაში. 

"იუსტიციის საბჭომ შეარჩია 9 კანდიდატი, რომლებიც უნდა გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში. თქვენთვის არ ბადებს კითხვის ნიშნებს, რომ ცხრავე მათგანი არის მოქმედი მოსამართლე? როცა კანონმდებლობა ყველას, ვისაც იურიდიული განათლება აქვს, აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრება გაიაროს, რატომ ვერავინ მოხვდა, ცხრა მოქმედი მოსამართლის გარდა? ამაზე პასუხი არის ის, რომ სისტემა ადამიანებს საშუალებას არ აძლევს შეაღწიონ და ჩვენამდე, პარლამენტამდე მოვიდნენ.

ამის მოგვარება უნდა დავიწყოთ და დღეს ამის შანსი გვაქვს. 

დღეს გვაქვს შანსი, შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები უზენაესი სასამართლოსთვის. შევარჩიოთ იუსტიციის საბჭოსთვის ღირსეული კანდიდატები. რაც მთავარია, დავიცვათ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სანამ არ ჩავატარებთ რეფორმას, შევაჩეროთ ნებისმიერი დანიშვნა უზენაეს სასამართლოში. ეს უნდა გავაკეთოთ. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ეს წერია იმ შეთანხმებაში. 

ბატონო ირაკლი, დღეს დაბადების დღე გაქვთ და მინდა, გისურვოთ ძალიან კარგი რამ - თქვენს სახელთან იყოს დაკავშირებული დამოუკიდებელი სასამართლოს რეალური რეფორმის გატარება. ამას გულწრფელად გისურვებთ და თუ ამას შეძლებთ, ნამდვილად შეხვალთ ისტორიაში". - თქვა ლევან იოსელიანმა. 

***

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა