პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელი განცხადება იმას ნიშნავს, რომ უწყებას საქმის გამოძიება არ სურს.
როგორც იოსელიანმა გადაცემა კომენტარში აღნიშნა, გამოძიება პირველ რიგში ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო და არა მის მოპოვებაზე.
"როგორც კი ეს აუდიო ჩანაწერი გამჟღავნდა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ პროკურატურას უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ გამოძიებას იწყებდა სწორედ შინაარსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია სწორედ შინაარსი პირველ რიგში, რადგან შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. რაც შეეხება მოპოვებისა და გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას აქვს განზრახვა, არ გამოიძიოს ეს [შესაძლო] დანაშაული", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ გამოვიდნენ დღეს ის და ალეკო ელისაშვილი ინიციატივით, რომ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
"ჩვენ რომ ეს ყველაფერი ვიცოდით და ზოგადად, პროკურატურას რომ ნდობა არ აქვს ამ ქვეყანაში, ამიტომ დღეს, მე და ალეკო ელისაშვილმა მოვუწოდეთ პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ პარლამენტში შექმნას საგამოძიებო კომისია. მოდით, პარლამენტში გამოვიძიოთ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი", - თქვა ლევან იოსელიანმა.
6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.
დღეს, 9 მარტს, გენერალურმა პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.