რაგბის კავშირის პრეზიდენტის გადადებული არჩევნები საბოლოოდ ჩაიშალა. დელეგატების ნაწილმა რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვა ნაწილი კი საერთოდ არ გამოცხადდა - კვორუმი არ შედგა.
ერთ-ერთმა კონკურენტმა რაგბის არჩევნების ჩაშლაში რაგბის კავშირის პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე დაადანაშაულა. როგორც, რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე აცხადებს, დელეგატები არჩევნებზე აბუსერიძისა და მისი მეგობარი მაჟორიტარი დეპუტატის ზეწოლის გამო არ გამოცხადდნენ.
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის მოქმედ პრეზიდენტს ფინანსურ გადაცდომებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არჩევნების ჩაშლის მიზეზი მორაგბეების პროტესტი იყო. ფინანსური გადაცდომების შესახებ აუდიტის სახელმწიფო სამსახურიც წერს.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ არაოფიციალურად გასაჯაროვდა. დოკუმენტის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტის დროს საეჭვოდ დაბალ ფასად გასხვისდა მიწის რამდენიმე ნაკვეთი. ასევე, კვების მომსახურებაში რაგბის კავშირს საბაზრო ღირებულებაზე ძვირი აქვს გადახდილი. ჯამში, სახელმწიფო აუდიტორები მიუთითებენ ასობით ათასი ლარის სავარაუდო გაფლანგვაზე.
სახელმწიფო აუდიტორები დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა საჯაროდ გააკრიტიკეს.
არჩევნებზე პროტესტის ნიშნად მესამე კანდიდატი, ბაჩო ხურციძე არ გამოცხადდა. ხურციძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი პროტესტის მიზეზი წინასაარჩევნო დარღვევებია.
სარაგბო კლუბების წარმომადგენლებს ახალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ იანვარში უნდა აერჩიათ, თუმცა კანდიდატების მოთხოვნით გადაიდო. ახალი არჩევნები, უახლოეს ერთ თვეში ჩაინიშნება.