logo
ENG



ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

22 მაი 202417:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/tkuvtsr1atlfecc.jpg
ირაკლი კობახიძე ირანის საელჩოში

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სამთავრობო დელეგაცია უკვე ირანშია.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან", - წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ირანში ჩასვლიდან რამდენიმე საათში მთავრობის ადმინისტრაციამ ფოტოებიც გაავრცელა. 

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კვირას ავიაკასტროფაში დაიღუპნენ. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

ირანის სახელმწიფო მედიები დაკრძალვის ცერემონიისთვის სხვადასხვა ლიდერისა და თუ ქვეყნის დელეგაციის ჩასვლაზე იუწყებიან. მათ შორის არიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი, რუსეთის დუმის სპიკერი, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წარმომადგენლები, სირიის პრემიერმინისტრი და სხვა. 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა. საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად არათუ უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ, პირიქით, მათ უფრო მეტად უგულებელყოფასა და ვითარების გაუარესებაზე წერენ. განსაკუთრებით მკაცრია ქვეყნის მმართველობა ქალების მიმართ, რომლებიც, ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და რომლებისგანაც მკაცრი წესების დაცვას მოითხოვენ. 2022 წელს ირანის ზნეობის პოლიციამ თავსაბურავის არასწორად ტარების ბრალდებით ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი დააკავა.მძიმედ ნაცემი და ნაწამები ქალი რამდენიმე დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. ქალის მკვლელობას ქვეყანაში მასობრივი და მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.

ბოლო წლების განმავლობაში ირანი არაერთმა აქტივისტმა და ხელისუფლების კრიტიკოსმა დატოვა. ზოგიერთისთვის თავშესაფრად საქართველოც იქცა.

გარდა ამისა, უკრაინისა და აშშ-ის ინფორმაციით, თეირანი აქტიურად ეხმარება რუსეთს ომის წარმოებაში და მას ირანული წარმოშობის დრონებს აწვდის. ცნობილია ირანის ხელისუფლების მჭიდრო კავშიტი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან.


close დახურვა