საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ თეა წულუკიანის განცხადებაზე ისაუბრა, როდესაც მან ერეკლე კუხიანიძეზე განაცხადა, რომ მისი Facebook პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებაა და ამის გამო მან თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
ნადირაძის თქმით, საკრებულოში სუს-ის არაერთი კადრი იმყოფება, მათ შორისაა ერეკლე კუხიანიძე და მათ ყველანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ, რომ რასაც უნდა გააკეთებენ და მათ შორის სუს-ის მესიჯებს გაახმოვანებენ.
„როდესაც გველაპარაკებიან რომ, ეს არის სიტყვის თავისუფლება, მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ Facebook პოსტების გამო სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, და თუ ერთისთვის Facebook პოსტი შეიძლება სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი გახდეს, მეორემ მინიმუმ ბოდიში არ უნდა მოიხადოს? თან საჯარო მოხელემ და არ უნდა დატოვოს თავის მანდატი ან მინიმუმ თანამდებობა, მაგრამ ამას არ აკეთებენ რადგან პირდაპირ ამბობენ რომ ეს ადამიანი არის სუს-ის კადრი და სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არ არიან ერთეული შემთხვევები. სუს-ს ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი ჩასმული საკრებულოში და ყველანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ, რომ რასაც უნდათ გააკეთებენ და მათ შორის სუსის მესიჯებს გაახმოვანებენ“,-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ Facebook გვერდზე, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.