logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

12 მაი 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock 1638
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ილაპარაკეს. განიხილეს სატრანსპორტო კომუნიკაციების, ენერგეტიკის და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები. 

ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და კულტურის სფეროებში. 

„ღრმად პატივცემულო პრემიერმინისტრო, მოგესალმებით სომხურ მიწაზე. ბოლო პერიოდში, კოვიდის გამო, ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები ცოტა ხნით შეყოვნდა. 

მოხარული ვარ, რომ აღვადგენთ მაღალი დონის ურთიერთობებს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. 

რა თქმა უნდა, კორონავირუსთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და დაფუძნებულია ჩვენი ხალხებისისტორიულ ტრადიციებზე. 

ვფიქრობ, დღის წესრიგში გვაქვს და უნდა განვიხილოთ რეგიონული საკითები, ვეცადოთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები.  

რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები გავაღრმაოთ ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული საკითხებითაც. 

ჩვენმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება". - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არა მხოლოდ მეზობლურ, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ეფუძნება.

"ბატონო პრემიერმინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც, რა თქმა უნდა,  ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს და ურთიერთობას შეეხო. 

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრობა ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენს ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. 

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივი და კომპლექსური. 

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოჯისტიკა.

ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, რეგიონულ პრიზმაში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.


close დახურვა