პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიებს კვლავ ესხმის თავს.
ვანში, სადაც ქართული ოცნების ვანის მერობის კანდიდატი წარადგინა, ღარიბაშვილმა ფორმულას, ტვ პირველს და მთავარ არხს ბრალად დასდო "ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა".
მისი სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი არა კანდიდატის ღირსებებს და დაპირებებს, არამედ ოპონენტების და მედიების წინააღმდეგ საუბარს დაეთმო.
ღარიბაშვილის თქმით, ის ადამიანები, ვინც მმართველ გუნდს მხარს არ უჭერენ, სწორედ ტელევიზიების მიერ არიან მოტყუებულები, რომლებიც, მისი მტკიცებით, პროპაგანდით არიან დაკავებულები.
"ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რასაც ეს ანტიეროვნული, მჩაგვრელი ადამიანები და ანტისახელმწიფოებრივი ძალის წარმომადგენლები იყენებენ, გახლავთ, რომ უწყვეტი პროპაგანდის პირობებში, ჯოჯოხეთს მოგვაჩვენებენ სამოთხედ და პირიქით. ასევე, თუ უწყვეტი პროპაგანდა მიმდინარეობს, სამოთხეს მოგაჩვენებენ ჯოჯოხეთად. კარგად გვახსოვს ციხეებში მდგომარეობა, წამება, გაუპატიურება, როგორ არეკეტებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ ქონებას, ადამიანებს ანადგურებდნენ და მეორეს მხრივ, რას ვუყურებდით ჩვენ ტელევიზიების საშუალებით, რა გარემო იყო. მედიაგარემო სრულად იყო მონოპოლიზებული, არავითარი სივრცე არ იყო დატოვებული თავისუფალი სუნთქვისთვის, ადამიანს არ ეძლეოდა თავისუფალი სიტყვის გამოხატვის საშუალება და ა.შ.
დღეს, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ოპოზიციაში გადავიდნენ, იმ დღიდან ყველაფერი ამოტრიალდა. ქვეყანა თითქოს დაინგრა, მანამდე იდეალური იყო სამყარო, სამოთხე იყო და თითქოს, მეორე დღესვე, 1-ელ ოქტომბერს დადგა ჯოჯოხეთი, ასეთი მეთოდებით იბრძვიან და დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩართეთ მათი ტელევიზიები, ორი წელია, აღარ ვუყურებ და მართლაც წარმოუდგენელია, ამ ტელევიზიებს უყურო - „მთავარ არხს, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“, ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ - თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიკას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერე დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება ხომ ეს არის, რომ ადამიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს, არ აქვს პროგნოზირებადობა და განცდა, რა იქნება ხვალ.
როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრიტიკულ მედიებზე თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო პერიოდია, ტენდენციად იქცა. მედიის, გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები საგანგაშოა, ვინაიდან ახალისებს მედიაზე ძალადობას და აუარესებს მედიაგარემოს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაზე ძალადობა წაახალისა 5 ივლისსაც, როცა, საღამოს 18:00 საათზე ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა, დილის 10:00 საათიდან შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობაზე პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა და არა მოძალადეებს.