logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს მეორედ შეხვდა

15 მარ 202120:39
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს მეორედ შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

ღარიბაშვილი შარლ მიშელს დღის მეორე ნახევარში ერთხელ უკვე შეხვდა - შეხვედრა საათ-ნახევარს გრძელდებოდა. 

როგორც ფორმულას კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება, ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბელგიის პრემიერს შეხვდა, ამის შემდეგ კი კვლავ შარლ მიშელთან დაბრუნდა.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს და მას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ესწრება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში გამართავს. ასევე გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა.

ღარიბაშვილის ბრიუსელში გამგზავრების პარალელურად საქართველოში რჩება ევროპული დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ვიზიტი გაახანგრძილვა. დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართება. დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა.

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც მოლაპარაკებებში საკვანძო თემებს მოიცავს. დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

 


close დახურვა