logo
ENG



ირაკლი შოთაძეს პარლამენტში კენჭს დისკუსიის გარეშე უყრიან

18 თებ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 
dwh55otnfs3n9b7.jpg

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის კენჭისყრა დისკუსიის გარეშე გაიმართება. საკითხი ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა დააყენა. 

ოხანაშვილის თქმით, შოთაძეს 17 თებერვალს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

„ვინაიდან იყო დეტალური განხილვა, ბიუროს ვთხოვდი, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ", — აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყეს და პარლამენტს სიმბოლურად წრე დაარტყეს.  


close დახურვა