logo
ENG



ირანის პრეზიდენტი პროტესტზე: მტკიცედ გავუმკლავდებით, ვინც ირანში სიმშვიდეს უპირისპირდება

25 სექ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/ljwaf86w76q19yx.jpg
Getty Images

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება "მტკიცედ გაუმკლავდება მათ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს უპირისპირდება".

ოფიციალური ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სულ მცირე 35 ადამიანი გარდაიცვალა.

ირანში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის უფლებადამცველი ქალი მაჰსა ამინი, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა და მასზე იძალადა. ამინი 16 სექტემბერს 3-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

ირანის ხელისუფლებამ უარყო ამინიზე ძალადობა. შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამინი პოლიციას არ უცემია.

16 სექტემბრიდან ირანში ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ აქციების ტალღა დაიწყო. ამჟამინდელი მონაცემებით, პროტესტში ქვეყნის 31 პროვინციიდან უმეტესობა მონაწილეობს. 

მედიის ცნობით პოლიცია აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს და მათზე ფიზიკურად ძალადობს.

ირანის რეფორმისტულმა ჯგუფმა ისლამური ირანის სახალხო პარტიის კავშირმა მოითხოვა სავალდებულო დრესკოდის გაუქმება და ხელისუფლებამ მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიან დემონსტრაციებს.

24 სექტემბრის ინფორმაციით უსაფრთხოების ძალებმა აქციებისას ასობით აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთ, გუილანის პროვინციაში 739 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 60 ქალია.

BBC-ის ცნობით, ზოგიერთი დაკავებული აცხადებს, რომ მათზე ფიზიკურად ძალადობენ, არ აწვდიან საკვებს, წყალს და არ აქვთ აბაზანაზე წვდომა.

ირანის ხელისუფლება ასევე ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. აშშ-ის ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, 19 სექტემბრიდან ირანის საპროტესტო აქციებზე 11 ჟურნალისტი დააკავეს.

ირანში 1 კვირაზე მეტია, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პროტესტის ნიშნად ირანელი ქალები საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, იჭრიან თმას. 

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტები ყვებიან პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.


close დახურვა