Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს განუცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რეგიონში არსებული აშშ-ის ბაზები, ობიექტები და აქტივები თეირანისთვის "ლეგიტიმურ სამიზნეებად" იქცევა.
Reuters-ის თანახმად, ანტონიო გუტერეშისთვის ირანის მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ სამხედრო აგრესიის შემჩნევის შემთხვევაში, ირანი "გადამწყვეტი" პასუხისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანის საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღოს.
ფრენების ონლაინ მონაცემების და აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უახლესი F-35 და F-22 გამანადგურებლები გადაიყვანა.
ამასთან, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანს ამ შაბათ-კვირას დაესხან თავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს.
OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში.
ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
