ირანმა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში სარაკეტო და დრონებით იერიშები მიიტანა. ამის შესახებ განცხადება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) გაავრცელა.
IRGC-ის ცნობით, ოპერაცია აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული ბოლო ავიაიერიშების საპასუხოდ ჩატარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ისლამაბადის მემორანდუმის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება და „ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეწყვეტას გამოიწვევს“.
ამასთან, ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს“ იგერიებენ. სამხედროებმა მოსახლეობას მოუწოდეს, აფეთქებების ხმების შემთხვევაში უსაფრთხოების ინსტრუქციები დაიცვან.
საპასუხო დარტყმებს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ავიაიერიშები. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, საზღვაო და საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ჰორმუზის სრუტესთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 10 ირანულ სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
