ირანში დემონსტრანტებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლი დაწვეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა, შენობის ნაწილს ცეცხლი უკიდია.
BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გადაამოწმეს გავრცელებული ვიდეოები, რეგიონული მთავრობა ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ცნობილია, აიათოლა ხომეინი სწორედ ამ სახლში დაიბადა, რომელიც შემდეგ მუზეუმად გადააკეთეს. ხომეინი იყო ირანის პირველი უზენაეს ლიდერი 1979 წლიდან 1989 წლამდე, გარდაცვალებამდე. ამ დრომდე მისი გარდაცვალების დღე ყოველწლიურად გლოვით აღინიშნება.
ქალაქ ხომეინიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი ტაშს უკრავს სახლში გაჩენილ ხანძარს. Reuters და AFP აღნიშნავენ, რომ მათ გადაამოწმეს ადგილმდებარეობა. ირანის აქტივისტური ქსელი 1500Tasvir კი ამბობს, რომ კადრები ხუთშაბათს არის გადაღებული.
ირანის სასულიერო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩადრის არასწორად ტარების ბრალდებით პოლიციამ 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი დააკავა და სცემა. ქალი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.