logo
ENG



ირანში ერთი წლის წინ მოკლული მაჰსა ამინის მამა დააკავეს

16 სექ 202313:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/odd9z5ewexik5sv.jpg
SAFIN HAMED/AFP/GETTY IMAGES

ირანის ხელისუფლებამ შარშან მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავა - 1 წლის წინ ამ დღეს, "მორალის პოლიციის" მიერ ამინის მკვლელობამ ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო იუწყება, რომ ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. ამასთან, როგორც RFE/RL წერს, ამინის სახლი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ არის გარშემორტყმული, პოლიციის დიდი რაოდენობა შეინიშნება სხვადასხვა ქალაქშიც.

შარშან ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.


close დახურვა