logo
ENG



ირანში ტაძარზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა

27 ოქტ 202200:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/7q98n7hqewxzbg0.jpg

ირანის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ შირაზის შაჰ-ჩერაჰის ტაძარში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ეჭვმიტანილთაგან 2 ადამიანი, მესამე კი კვლავ იძებნება.

ირანის უსაფრთხოების სამსახურებთან აფილირებული მედია Nour-ის ცნობით, ეჭვმიტანილები უცხოელები არიან.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს ტაძრები ყველაზე მეტადაა გადატვირთული. თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი ტაძართან მანქანაში იმყოფებოდა ვიდრე მომლოცველებს თავს დაესხმებოდა.

ფარსის პროვინციის მერი კი აცხადებს, ტერორისტი თავდაპირველად ტაძრის დაცვასა და მსახურს დაესხა თავს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.

„ხმამაღალი ყვირილი გაისმა ტაძარში ქალების სექციიდან  ლოცვის დროს და უეცრად შეიარაღებული კაცი დაინახეს კალაშნიკოვით, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზე უმისამართოდ ისროდა“ - უყვება ერთ-ერთი მოწმე ირანულ მედიას.

მოწმის თქმით, თავდაპირველი ცეცხლის შემდეგ, თავდამსხმელმა ადგილზე მყოფი ადამიანების მიმართულებით დაიწყო სროლა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა რომ ირანში მიმდინარე პროტესტებმა „ამგვარ ტერორისტულ თავდასხმებს“ გზა გაუკაფეს.

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ კი თქვა, რომ ეს ქვეყნის იმ მტრების ნამოქმედარია, ვინც ქვეყანაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლეს.

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ირანის მტრებმა, მას შემდეგ რაც ვერ შეძლეს ქვეყნის გაერთიანებულ რიგებში განხეთქილების შეტანა, შურს ძალადობითა და ტერორით იძიებენ ხოლმე. ეს დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება და უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები გაკვეთილს ასწავლიან მათ, ვინც ეს თავდასხმა დაგეგმა და განახორციელა“ - განაცხადა რაისიმ.

დღეს მაჰსა ამინის დაღუპვიდან 40 დღე გავიდა და ათასობით აქტივისტი ქალაქ საქეზში, მის საფლავთან შეიკრიბა. უცნობია, არის თუ არა თავდასხმა პროტესტთან კავშირში.

ირანული მედია ISNA-ს ცნობით, სასაფლაოზე 10 000 ადამიანი შეიკრიბა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აქტივისტებს ირანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

„სპეცრაზმი ესროდა მგლოვიარეებს, ვინც სასაფლაოზე მაჰსას მემორიალური ცერემონიისთვის შეიკრიბნენ... ათობით ადამიანი დააპატიმრეს“ - განაცხადა მოწმემ.

ISNA-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებსა და ხალხს შორის დაპირისპირების შემდეგ საქეზში ინტერნეტი გაითიშა.

ირანში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობდა. აქტივისტები ყვებოდნენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.


close დახურვა