logo
ENG



ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა - შსს

10 ივლ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/s83vg95ao9bwj8a.png

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.

უწყების ცნობითვე, მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

"მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის (https://www.rsa.ie/services/licensed-drivers/driving-licence/exchange-foreign-licence).

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS)" - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა