logo
ENG



ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

04 იან 202115:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/04/zr5dpvkv57niqx6.jpg

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის პირველი სამ ნომერს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე მიიღეს.

პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. რაც შეეხება მეოთხე მანდატს, პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში. ინაშვილის თქმით, ავთანდილ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიიდან მათი ნომრების ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავს გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მათ დაიკავონ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები.

ზილფიმიანმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს.

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი ამ დროისთვის 54-მა თქვა.


close დახურვა