ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სირცხვილიას აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, აქციაზე იარაღიანი ადამიანიც იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა.
ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან, ისევე, როგორც სხვა კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა.
ენმ-ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს კომისიის სხდომაზე შესვლა სურდა, თუმცა, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
დეკანოიძის თქმით, პარტიის 2 წარმომადგენელს, დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომიდან გამოაძევეს. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე მათი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ სხდომა მხოლოდ ფორმალობაა და არსობრივად არაფერს ცვლის.
საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.