ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტების კიდევ ერთი გვირაბი იპოვეს - IDF ვარაუდობს, რომ ეს ჰამასის ყველაზე დიდი გვირაბია და ის რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ კვირას გაასაჯაროვეს.
IDF-ის ცნობით, გვირაბი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლადაა შესაძლებელი დიდი ზომის მანქანების გადაადგილება - ის მიწისქვეშ 50 მეტრს აღწევს და აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციითა და საკომუნიკაციო სისტემებით.
მათი განცხადებით, გვირაბი არ კვეთს ისრაელს, თუმცა მას ისრაელი-ღაზის საზღვრის ჩრდილოეთით, ამჟამად დაკეტილ გადასასვლელ პუნქტთან 400 მეტრი აშორებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გვირაბი ჰამასის "სტრატეგიული ინფრასტრუქტურის" ნაწილია და მას გაანადგურებენ.
ისრაელს ჰამასის მიწისქვეშა გვირაბები აქამდეც აღმოუჩენია - IDF-ში აცხადებენ, რომ ტერორისტული დაჯგუფების წევრებს გვირაბები ძირითადად ისეთ დაწესებულებებში აქვთ მოწყობილი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებში და საცხოვრებელ სახლებში. ისრაელი ამბობს, რომ შენობებში სამხედრო ბაზების განლაგებით ცდილობს ჰამასი მოქალაქეების "ცოცხალ ფარად" გამოყენებას.