ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით ევაკუაციას 4 საათით დაუშვებენ. მათი ცნობით, მაგისტრალზე გზა უსაფრთხო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება.
ისრაელმა ევაკუაციის მსგავსი გეგმა დააანონსა შაბათსაც, თუმცა მათი თქმით, ჰამასის შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე ისრაელის ჯარებს თავს დაესხნენ და ევაკუაციას ხელი შეუშალოს. თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტებს მშვიდობიანი მოქალაქეების "ფარად" გამოყენება სურთ. აშშ-ის მონაცემებით, ღაზის ჩრდილოეთით 400 000-მდე ადამიანი კვლავ რჩება.
3 ნოემბერს ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.
ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა. კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.