logo
ENG



ისრაელი ღაზის სამხრეთით ევაკუაციისთვის ერთ-ერთ მაგისტრალზე მოძრაობას სამი საათით დაუშვებს

04 ნოე 202315:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/04/ioxbo3i7nd6zot3.jpg
IBRAHEEM ABU MUSTAFA/REUTERS

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ევაკუაციისთვის რამდენიმე საათით გადაადგილება შესაძლებელი იქნება - კერძოდ, IDF-ის სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღაზის ორი მთავარი მაგისტრალიდან ერთ-ერთი სამი საათის განმავლობაში გაიხსნება და პალესტინელები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადასვლას შეძლებენ.

როგორც სალაჰ ალ-დინი წერს, გზა უსაფრთხო იქნება ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. ის აღნიშნავს, რომ ჰამასის დაჯგუფების ლიდერებმა უკვე მიიღეს ზომები საკუთარი თავების დასაცავად და მოქალაქეებს თავდაცვის მიზნით სამხრეთისკენ ევაკუაციას ურჩევს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქი ღაზას ალყაში მოქცევის შესახებ იუწყებიან.

გუშინ ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.

ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა. კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.

ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.


close დახურვა