logo
ENG



ისრაელი ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე იერიშს ადასტურებს

04 ნოე 202300:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/04/xmu888am0x06p9f.jpg

ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.

"ხაზს ვუსვამთ, რომ რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მშვიდობიან მოსახლეობას მათივე უსაფრთხოებისთვის არაერთხელ მოუწოდეს სამხრეთით ევაკუაციისკენ", - აღნიშნავენ IDF-ში.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა.

კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.

ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ის "სრულიად შოკირებულია" ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმების გამო.

ტედროს გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვყნებულ პოსტში მოუწოდა, რომ "პაციენტები, ჯანდაცვის მუშაკები, დაწესებულებები და სასწრაფო დახმარების მანქანები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცულნი. ყოველთვის". მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.


close დახურვა