ჩვენი ცხოვრება ორ პერიოდად დაიყო: 7 ოქტომბრამდე და მას შემდეგ. მთელ ისრაელში შოკი, ტკივილი და შიშის ზარი სუფევს იმ აღმაშფოთებელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რაც ჰამასმა მოუწყო უდანაშაულო ადამიანებს შაბათ დილით, რელიგიური დღესასწაულზე, უფლის განსადიდებელ წმინდა დღეს. ახლაც, როცა ამ არაადამიანური თავდასხმის მხოლოდ ნაწილის ამსახველ სიტყვებს ვწერ, ხელები მიკანკალებს. თუმცა, ამას ვერ გავექცევით. თვალებში უნდა ჩავხედოთ აბსოლუტურ ბოროტებას, რომ გავიაზროთ თუ რატომ მიიღო ისრაელმა ამ სიკვდილის მანქანის დამარცხების მტკიცე გადაწყვეტილება.
შაბათ დილას, 06:30 საათზე ორი ათასზე მეტი შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა სახლებში და ამოხოცა მთელი მძინარე ოჯახები. ისინი ტანკსაწინააღმდეგო ბომბებს საძინებელ ოთახებში ისროდნენ. დედებმა ბავშვები კარადებში დამალეს და თავგანწირვით ცდილობდნენ, რომ მათ არ ეტირათ. ჰამასმა არავინ დაინდო - არც ქალები და არც ბავშვები. მავთულით გადააბეს დედა და ქალიშვილი, ბებია და ბიჭი შვილიშვილი და ცოცხლად დაწვეს. არ გაიხედოთ გვერდზე, პირდაპირ შეხედეთ ამ ბოროტებას.
უნდა იცოდეთ რა მოხდა. ბავშვებს დანებით მოკვეთეს თავები, გააუპატიურეს გოგონები, მუცლები გაუფატრეს ფეხმძიმე ქალებს, ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, სადაც ცოცხალი ადამიანები იყვნენ და ბოლომდე დაწვეს. ისინი თავს დაესხნენ ახალგაზრდებს მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ტყის სპეციალურად გაწმენდილ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. გაეკიდნენ მათ, ვინც გარბოდა და თავის გადარჩენას ცდილობდა და წარმოუდგენელი სისასტიკით ესროდნენ და კლავდნენ. რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ადგილზევე მოკლეს, იქვე ტყეში. ენით აღუწერელი ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს მთელი ოჯახები, ექვსი თვის პატარების და შეშინებული ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც მშობლები სულ ცოტა ხნის თვალწინ დაუხოცეს. დაახლოებით 1400 ისრაელელი მოკლეს ამ სასტიკი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დროს.
ხოცავდნენ ყოველ წუთს, ბევრი საათის განმავლობაში. გგონიათ, მკვლელებს შერცხვათ საკუთარი საქციელის? არა, სრულიადაც არა. ენთუზიაზმით აღსავსეებმა, დოკუმენტურად ასახეს ეს სასტიკი ხოცვა-ჟლეტა და პირდაპირ ეთერში გაუშვეს. ამ მასობრივი მკვლელობის დროს დაახლოებით 200 ადამიანი გაიტაცეს საკუთარი სახლებიდან და ჰამასის ბნელ ბუნაგებში გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ და დედებს ეძებდნენ და 85 წლის მოხუცი ქალბატონი. ერთ-ერთი მოკლული გოგონას, 8 წლის საოცრად საყვარელი ემილის მამამ თქვა: "შვება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ ჩემი პატარა გოგონა მოკლეს და ის არ იყო ჰამასის მძევალი".
ზოგი ამ ქმდებას "ცხოველურ საქციელს" უწოდებს. არასწორია. ცხოველები ასე არ იქცევიან. ისინი, ვინც ასე ცივსისხლიანად, სიკვდილამდე აწამებდნენ მთელ ოჯახებს, არ არიან ცხოველები. ისინი ადამიანის მოდგმის ურჩხულები არიან. 7 ოქტომბრის სულისშემძვრელმა ამბებმა ბევრი ისრაელელის გონებაში შიშის და უსუსურობის ემოციები გააღვიძა - ჰოლოკოსტის კოლექტიურ მეხსიერებაში შემორჩენილი სარდაფები. ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, როგორც ებრაელების სახლი, რათა აღარასდროს დაეხოცათ ისინი იმის გამო, რომ უბრალოდ ებრაელები იყვნენ.
სწორედ ამიტომ მოიცვა ისრაელი შიშის ზარმა. იქ ვეღარ ნახავთ ღიმილიან სახეს. მხოლოდ უსაზღვრო მწუხარება და ტრავმაა. თუმცა, ძალიან ძლიერია "ერთად დგომის და ერთიანობის" შეგრძნება და ღრმა შინაგანი რწმენა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ და დავამარცხოთ იგი. უნდა აღმოვფხვრათ ჩვენი შვილების თავზე ჩამოწოლილი განადგურების საფრთხე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახლისთვის, ჩვენი სიცოცხლის უფლებისთვის!
მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის ძალადობრივი იდეოლოგიისა და ანტისემიტიზმის შესახებ ყველასთვის კარგად იყო ყველაფერი ცნობილი, მოსაზრება, რომ უნდა მოგვეძიებინა პრაგმატული გზა, რათა გვეცხოვრა ჰამასთან ერთად და, ამასთანავე, რაციონალური მოსაზრებიდან გამომდინარე, შენარჩუნებული ყოფილიყო გარკვეული სტატუს კვო, მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდა ისრაელში და დასავლეთის ქვეყნებში.
ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ვინ და რა არის ჰამასი. ჩვენთვის ცნობილია მისი დოქტრინა, წაკითხული გვაქვს ჰამასის ქარტია - ჰამასის დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელიც მისმა ავტორმა, შეიხ ახმედ იასინმა 1988 წელს დაწერა. ეს არის ყველაზე საშიში ანტისემიტური დოკუმენტი, რაც კი ოდესმე შექმნილა მსოფლიოში ჰოლოკოსტის შემდეგ. ჰამასის ქარტია ადანაშაულებს ებრალებს ყველა ისტორიულ უბედურებაში, ახდენს ებრალების დეჰუმანიზაციას და უარს ამბობს პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.
ქარტიის ბევრ პუნქტში, როგორიც არის პუნქტი 13, ნათქვამია, რომ "არ არსებობს პალესტინის პრობლემის მოგვარების არანაირი გზა გარდა ჯიჰადისა", რაც ნიშნავს წმინდა ომს. გარდა ამისა, ჰამასის ქარტია ცხადად საუბრობს ებრაელი ხალხის ახალ გენოციდზე. პუნქტ 7-ში არის მოწოდება ებრაელების დახოცვისკენ მსოფლიოს ყველა კუთხეში: "...ქვები და ხეები იტყვიან: "ო, მუსულმანო, ალაჰის მსახურო, ებრაელი იმალება ჩემ უკან, მოდი და მოკალი".
დიახ, ზუსტად ეს არის, რაც მოხდა. ისინი მოვიდნენ მოსაკლავად.
საერთაშორისო საზოგადოების ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ისრაელისგან, რომ არ მიექცია ყურადღება იმისთვის, რასაც ჰამასი წერდა და ამბობდა, არ მიექცია ყურადღება მისი იდეოლოგიისა და რიტორიკისთვის. ამბობდნენ, რომ მუქარის მიუხედავად, ჰამასს სურდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მისი სასტიკი დიქტატურის ქვეშ მცხოვრები 2 მილიონი პალესტინელისთვის; სურდა მათი თავის რჩენის გარანტირებული საშუალებების და უფლების უზრუნველყოფა; სურდა, რომ პალესტინელები დაკავებულიყვნენ თევზაობით და განევითარებინათ ინფრასტრუქტურა.
7 ოქტომბრის კარგად დაგეგმილმა თავდასხმამ ისრაელზე დაამტკიცა, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. ჰამასს არ აინტერესებს თანაარსებობა და მშვიდობა. მას არ აინტერესებს ღაზის ორი მილიონი მოქალაქის უკეთესი ცხოვრება. მისი ერთადერთი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ისრაელის მოქალაქეების დახოცვაა. ეს მხოლოდ ჰამასის ჯიჰადის იდელოგიის მიზანი კი არა, ეს მისი მოქმედების ერთადერთი კურსია. ჰამასი არის ISIS, პალესტინური ISIS, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობა და შემაშფოთებელი თანაგრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უდიდესი მოსახლეობის ნაწილიდან, ზოგიერთი მედიის ჩათვლით.
რა შეიძლება იყოს თავდაცვის უფრო მეტად გონივრულად გააზრებული აქტი ვიდრე ისრაელის მხრიდან თავდაცვის მიზნით ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასზე თავდასხმაა? ისრაელი არ ესხმის თავს პალესტინელ ხალხს. ფაქტობრივად, ისრაელი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს რამალაში განთავსებული პალესტინელი ხელისუფლებისთვის თუკი ის არ შეურთდება ისრაელზე თავდასხმას. ჰამასის ინტერესებში არ შედის პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ისრაელის მეზობლად, მას მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს.
უფრო მეტიც, პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰამასის საბოლო მიზანსა და კონცეპციას, რაც მთელ ტერიტორიაზე, ისრაელის ტერიტორიის ჩათვლით, ისლამური სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. მას მიზანი არა შენება, არამედ სრული ნგრევაა. ჰამასს მშვიდობა კი არა, უსასრულო ომი აინტერესებს, რომელსაც მანამდე გააგრძელებს, სანამ ექსრემისტული ისლამი ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას. ჰამასის აზრით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ისრაელის დანგრევა და მისი მოსახლების განადგურებაა.
ჰამასი უყოყმანოდ წირავს პალესტინელებს საკუთარი სასტიკი და არაადამიანური მიზნების მისაღწევად. არ არსებობს მშვიდობა ღაზის სექტორში, არც არანაირი სიტყვის ან რელიგიის თავისუფლება. მდგომარეობა იქ ბევრად სავალალოა - ჰამასი ქმნის სამხედრო ბაზებს ღაზის სექტორში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა კონცენტრირებული აცნობიერებს რა, რომ გარდაცვლილი პალესტინელების ფოტოები მისი ყველაზე მძლავრი იარაღია. ჰამასი რაკეტებს საავადმყოფოებსა და იმ შენობებში მალავს, სადაც ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სკოლები ფუნქციონირებს. სწორედ ამ ადგილებიდან ისვრიან ისინი ისრაელის მიმართულებით პირდაპირი ეთერის მოლოდინში.
რასაკვირველია, ბევრი ჟურნალისტი და არა მხოლოდ კატარში ბაზირებული ალ ჯაზირა ავრცელებს ჰამასის ცრუ პროპაგანდას. ამ პროცესში დასავლეთის მედიის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები და გადამოწმების გარეშე გადაცემენ ჰამასის პროპაგანდას. ნუ გახდებით ჰამასის მიერ მათ წინ ფარად დაყენებული ადამიანებისგან შექმნილი მახის მსხვერპლი. ერთადერთი, ვინც შეიძლება დადანაშაულებული იქნეს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილში ღაზის სექტორში არის ჰამასი და ღაზაში მოქმედი სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც იმალებიან საკუთარ ხალხში, საკუთარ ბავშვებსა და ქალებს შორის. ჰამასი და არა ისრაელია ის, ვინც მოქმედებს დაუნდობელი და გამიზნული ბოროტი ზრახვებით და ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებზე. ისრაელი თავს იცავს და იბრძვის საკუთარი სოცოცხლისთვის. როგორც ჭეშმარიტად დემოკრატული ქვეყანა, იგი ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია, რათა არაფერი დაუშავდეთ უდანაშაულო ადამიანებს. იგი ფრთხილად და მოზომილად იყენებს საკუთარ სამხედრო ძალას, იცავს საერთაშორისო სამართლით დადგენილ შეზღუდვებს მაშინ, როცა ჰამასი სიამაყით დოკუმენტურად ასახავს გენოციდს და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს.
არ შეცდეთ, ომი ჰამასის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ისრაელის პირადი ომი. ეს ეხება არა მხოლოდ მთელი ახლო აღმოსავლეთის მომავალს, არამედ იმ მსოფლიოს მომავალს, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. თქვენი დროც ორ პერიოდად არის დაყოფილი. მსოფლიოს ერთ მხარეს იქმნება ფასეული და მნიშვნელოვანი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის ბევრ ქვეყანასა და ისრაელს შორის, ხოლო მეორე მხარეს ყალიბდება ბოროტების კოალიცია, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე პრობლემური ქვეყანა და ბარბაროსული ტერორისტული დაჯგუფებები, რომელთა შორის ჰამასი და ჰეზბოლა ყველაზე ცნობილია.
"თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს. ჩვენ სიამაყით აგვევსო გული, როცა დავინახეთ და მოვუსმინეთ აშშ-ს პრეზიდენტს, რომელმაც გამოთქვა სრული მხარდაჭერა ისრაელის უფლების - იარსებოს უსაფრთხოდ და მისი მოვალეობის მიმართ - გაანადგუროს ჰამასი.
მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც გამოხატეს საკუთარი სოლიდარობა ისრაელის მიმართ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ჩათვლით. თუმცა, მათგან განსხვავებით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ჯერ ისევ ჭოჭმანობენ ამ მკვლელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, არ სურთ დაგმონ იგი და აგრძელებენ საკუთარ ქვეყანაში ჰამასის ზოგი ლიდერის მიღებას და მასპინძლობას.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს, რომ მკაფიოდ დაგმო ტერორი და არ დაუჭირა მხარი ცალმხრივ, რეალობისგან მოწყვეტილ რეზოლუციას. დადგა დრო, რომ საქართველომ, ISIS-ის (ისლამური სახელმწიფო) მსგავსად, ჰამასიც გამოაცხადოს ტერორისტულ ორგანიზაციად, და ამით შეუერთდეს ბევრ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს, ჰამასის ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაში.
თქვენი დროც ორად არის გაყოფილი. 7 ოქტომბერი გავალდებულებთ იმოქმედოთ დაუყოვნებლივ და გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია, რათა დაჩქარდეს გატაცებული ადამიანების სახლებში დაბრუნება, რომელთაგან ზოგი შესაძლოა თქვენი ქვეყნის მოქალაქეა. ესენი არიან ქალები, რომლებსაც ბავშვები თვალწინ დაუხოცეს და ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე დატოვეს. ერთ-ერთი 85 წლის ქალია. ყველა მათგანი ძალის გამოყენებით გაიტაცეს და მკვლელი ორგანიზაციის ხელში იმყოფება.
დაიცვა ჰამასი ნიშნავს, დაიცვა ISIS და ალ-ქაიდა. ყველა, ვინც ამ გზას ადგას, უეჭველად მიიყვანს მკვლელებს საკუთარ სახლთან. სად დგახართ თქვენ, ჰამასის დამცველები, ამ მორალური სტანდარტების დაფაზე?
ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი