logo
ENG



ისრაელის პრეზიდენტი: არსებობს შეზღუდვები უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე

27 ოქტ 202208:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/7qgcpm3ug5pmz2z.png

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას. მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაწოდოს კიევს არალეტალური იარაღი.

"არსებობს იარაღი, რომლის საექსპორტო ვერსიაც კი არ გვაქვს. არის რაღაცები, რაც არ უნდა მოხვდეს ჩვენი მტრების ხელში. არის საიდუმლოებები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავამხელთ. მაგრამ სადაც შეგვიძლია უკრაინისთვის დახმარება, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ."- თქვა CNN-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა. 

ის არ ეთანხმება ისრაელის პოზიციის კრიტიკას იარაღის გადაცემის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აშშ-მ და ევროპამ უარი განაცხადეს კიევის მთავრობისთვის გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაზე.

ჰერცოგმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი აანალიზებს სიტუაციას რუსეთის მიერ ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ამ დრომდე 400 ერთეული ირანული წარმოების Shahed დრონი გამოიყენა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარმა ამ მკვლელი დრონების 60-70%-ის განადგურება შეძლო.

CNN-ის ცნობით, ბრიტანელმა, ფრანგმა და გერმანელმა დიპლომატებმა 21 ოქტომბერს გაეროს გენერალურ მდივანს მიწერეს და მოუწოდეს, დაიწყოს გამოძიება ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების გადაცემაზე.

11 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან 2 400 ერთეული Shahed-136 დრონი იყიდა.

ხოლო 24 ოქტომბერს ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზრდის ირანული Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას.

რუსეთი და ირანი უარყოფს ამ ინფორმაციას.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

21 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგისას განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

20 ოქტომბერს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, ირანს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა.

"3-დღიანი განხილვების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომების მიღებაზე ირანული საფრენი აპარატების მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულებულია, სანქციები ძალაში დღეს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა."- წერია ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნდა. 

ევროკავშირი ასევე მზად არის, სანქციები დაუწესოს კიდევ 4 ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც უკვე ფიგურირებდნენ სასანქციო სიის მოსამზადებელ დოკუმენტში. საუბარია 3 ფიზიკურ და ერთი იურიდიულ პირზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი კამიკაძე დრონების მიწოდებაზე.

ასევე 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა ირანს რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდების გამო, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის სანქციები შეეხო იმ 3 ადამიანს, ვინც პირადადაა პასუხისმგებელი რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდებაზე. ბრიტანეთმა ამ ადამიანებს ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა და გაყინა მათი ქონება.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.


close დახურვა