ისრაელის პრემიერმინისტრის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მეორე ეტაპზე გასათავისუფლებელი მძევლების სია მიიღეს - როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მორიგი გაცვლა შაბათს შედგება.
ნეთანიაჰუს თქმით, უსაფრთხოების ძალები მოწოდებული სახელების სიას ამოწმებენ. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გასათავისუფლებელ მძევლებს შორის ბავშვებიც იქნებიან - მძევლების გათავისუფლებამდე სია საჯარო არ გახდება.
გუშინ ისრაელმა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ქალები და არასრულწლოვნები. მათ დასავლეთ სანაპიროს ადმინისტრაციულ ცენტრთან, რამალასთან ახლოს ბეიტუნიას საგუშაგო გაიარეს.
გათავისუფლებული პატიმრები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოფერის ციდიდან ორი ავტობუსით გამოიყვანეს.
49-დღიანი ტყვეობის შემდეგ გუშინ ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა. მათგან 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია. სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა, როგორი შეძახილებითა და სიხარული ხვდებოდნენ ისრაელში წითელი ჯვრის მანქანებს, რომლებშიც მძევლები ისხდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.