ისრაელსა და ჰამასს შორის, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის უშიშროების კაბინეტმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრები დაეთანხმნენ მედიატორის [ეგვიპტის] ინიციატივას, რომელიც ყველა წინაპირობის გარეშე ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.
"პოლიტიკური უშიშროების კაბინეტმა ერთხმად მიიღო უსაფრთხოების ყველა წარმომადგენლის: შტაბის, შიდა უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების რეკომენდაცია, რომ გაიზიაროს ეგვიპტის ინიციატივა ორმხრივი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამოქმედდება მოგვიანებით", - ნათქვამია უშიშროების კაბინეტის ოფიციალურ განცხადებაში.
ზავის მიღწევა ჰამასის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე შევა.
ზავის მიღწევით ღაზას სექტროში 11-დღიანი საომარი მოქმედებები დასრულდება. 10 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანა. 14 მაისს, ორმხრივი სარაკეტო თავდასხმისა და ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ისრაელი ამბობს, რომ მათი მიმართულებით ღაზას სექტორიდან 4 ათასი რაკეტა ისროლეს. სულ ორმხრივ მოქმედებებს 232 პალესტინელი და ისრაელის 12 მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.
სამხედრო შეტაკებების განახლებას კი პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის 10 მაისის ღამეს მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.