logo
ENG



ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული პაუზა გახანგრძლივდა

30 ნოე 202310:44
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა.

ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავი დილის 7 საათზე იწურებოდა, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზავი გახანგრძლივდებოდა, რადგან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდებოდა.

ინფორმაცია დაადასტურეს ჰამასმა და კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მთავარი შუამავალია.

"პალესტინისა და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე", - ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჰუმანიტარული პაუზის ამოწურვამდე ჰამასმა ისრაელს 7 ქალისა და ბავშვის, ასევე დაღუპული სამი ისრაელელის ცხედრის გადაცემა შესთავაზა, ვინაიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი მეტი ქალი და ბავშვი ვერ იპოვეს. მაშინ მძევლები არა მხოლოდ ჰამასმა, არამედ სხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა აიყვანეს. ისრაელმა შეთავაზება უარყო და განაცხადა, რომ მზადაა პაუზის გახანგრძლივებაზე, სანამ ჰამასი ყოველდღე მინიმუმ 10 ცოცხალ მძევალს გაათავისუფლეს. ისრაელის დათვლის, მძევლად სულ მცირე 15 ქალი და ბავშვი რჩება.

ზავის შედეგად ჰამასმა ისრაელისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე 70 მძევალი გაათავისუფლა, ძირითადად ქალები და ბავშვები. შეთანხმების მიღმა გათავისუფლდა ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 3 მძევალი და 24 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ოთხშაბათის მდგომარეობით, შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა 210 პალესტინელი პატიმარი გაუშვა ციხეებიდან - ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები.

ოთხშაბათს ღაზიდან 16 მძევალი, მათ შორის 10 ისრაელელი, ტაილანდის 4 მოქალაქე და ებრაული წარმოშობის რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამასთან, ციხიდან გამოუშვეს 30 პალესტინელი პატიმარი.


close დახურვა