logo
ENG



ისრაელში ოპოზიცია მთავრობის ფორმირებაზე შეჯერდა, ნეთანიაჰუ პრემიერი აღარ იქნება

03 ივნ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მთავრობის მსგავსად ფორმირების შემთხვევაში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება. 

ცენტრისტების ლიდერმა იაირ ლეპიდმა განაცხადა, რომ ჩამოყალიბებულია 8 ფრაქციისგან შემდგარი კოალიცია. ოპოზიციამ შეთანხმებას დროის ამოწურვამდე 38 წუთით ადრე მიაღწია და ამის შესახებ პრეზიდენტსაც შეატყობინა.

ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის თანხმობა დასჭირდებათ. 

იმის გამო, რომ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა, ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა. მარტში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა მოქმედ პრემიერ ნეთანიაჰუს დავალება მისცა, 28 დღეში ჩამოეყალიბებინა მთავრობა. თუმცა ნეთანიაჰუმ 120 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში საჭირო 61 ხმა მოიპოვა. 

ისრაელის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა ლეპიდს, არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის ლიდერს დაავალა მთავრობის ფორმირება. 

კანონის მიხედვით, პარლამენტმა ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ახალი მთავრობის შექმნის შესახებ ოფიციალურად შეტყობინებიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს. ეს, შეიძლება, ორშაბათამდე (7 ივნისამდე) არ მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრამ შესაძლოა 14 ივნისამდე გადაიწიოს.


close დახურვა