არსებობის ისტორიაში პირველად NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.
NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი სარდლის, გენერალ ტოდ უოლტერსის თქმით, გააქტიურებულია მრავალეროვნული ძალები, რომელიც შედგება მოკავშირეების სახმელეთო, საჰარეო, საზღვაო და სპეციალური საოპერაციო ძალებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, სწრაფად განლაგდნენ ალიანსის მხარდასაჭერად.
მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ან ნატოს ჯარები შევლენ უკრაინაში, რომელიც არ არის ალიანსის წევრი ქვეყანა.
"პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ აშშ-ის ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა დაეხმარონ NATO-ს ქვეყნებს, რომლებიც ღელავენ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. ისინი არ იბრძოლებენ უკრაინაში". - ამბობს გენერალი და დასძენს, რომ ეს ისტორიული შემთხვევაა.
"ეს ისტორიული მომენტია. ალიანსმა პირველად გამოიყენა უმაღლესი მზადყოფნის ძალები შეკავებისა და თავდაცვის მიზნით. ეს არის მოქნილი, სანდო საბრძოლო ძალა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი მიმართულებით. ეს შემაკავებელი ზომები არის გონივრული და აძლიერებს ჩვენს სისწრაფეს, რეაგირების და თითოეული ადამიანის დაცვის უნარს". - განაცხადა უოლტერმა.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ჯერჯერობით განლაგებული არ არის, მაგრამ მზადყოფნაშია. უცნობია, კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცია ამ ძალაში.