logo
ENG



იტალია შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვრები გახსნა

03 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის გამო რამდენიმე თვით დაშორებული ოჯახები დღეს რომის აეროპორტში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. იტალია შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვრები გახსნა, რამაც განცალკევებით მყოფ ახლობლებს კვლავ გაერთიანების საშუალება მისცა. ფიუმიჩინოს აეროპორტში ოჯახის წევრების ნახვით გახარებული მოქალაქეები ემოციებს ვერ მალავდნენ. 

საზღვრების გახსნასთან ერთად, იტალიაში ჩასულებისთვის გაუქმდა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინიც. მარტის შემდეგ პირველად სრულად აღდგა მიმოსვლა რეგიონებს შორისაც, ამიტომ რომისა და მილანის რკინიგზის სადგურებში დილიდან ხალხმრავლობა და გრძელი რიგები იყო. მგზავრებს სადგურში ტემპერატურას უმოწმებდნენ და სპეციალური ნიშნებით სოციალური დისტანცირების ზომების დაცვასაც ახსენებდნენ.

იტალიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორში, რომელიც ლოქდაუნის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა. გავრცელებული ცნობით, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ბოლო 3 თვის განმავლობაში იტალიის აეროპორტებმა  45 მილიონი მგზავრი დაკარგეს. 

15 ივნისიდან ევროკავშირის წევრებთან, დიდ ბრიტანეთთან და შენგენის ზონის ქვეყნებთან მიმოსვლას  იწყებს გერმანიაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოგზაურობის შესახებ გაფრთხილებას სპეციალური მითითებები ჩაანაცვლებს. ოფიციალური ბერლინი მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ბრიტანეთში გამგზავრებისგან, რადგან ქვეყანაში ჩასულები ვალდებული არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ. 

უსაფრთხო ქვეყნებთან რეისების აღდგენასა და ტურისტების მიღებას 22 ივნისიდან ვარაუდობს ესპანეთი. ხვალიდან საზღვარი იხსნება  ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის, შეზღუდვების მოხსნისა და თავისუფალი მოძრაობის აღდგენის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გამოაცხადეს. ხვალიდან, საზღვარზე დაწესებულ შემოწმებებს მეზობელ სახელმწიფოებთან სრულად აუქმებს ავსტრიაც. გამონაკლისი, ვისაც ეს ზომა არ შეეხება, მხოლოდ იტალია იქნება.


close დახურვა