4 ივნისს იტალიაში გარდაცვლილი 52 წლის ნინო ნაროშვილის ცხედარი, რომელიც სამშობლოში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.
გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახის ინფორმაციით, ისინი ცხედარს დღეს, თბილისის აეროპორტში ელოდნენ, თუმცა, მათ მხოლოდ პროცედურული დოკუმენტები მიიღეს. ცხედარი კი, მათი თქმით, სავარაუდოდ, თურქეთში დარჩათ.
გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას თურქულ ავიაკომპანიას აკისრებს, რომელმაც სპეციალური რეისი იტალიიდან გუშინ განახორციელა.
ოჯახი, ცხედრის სამშობლოში დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებს მიმართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიას დაუკავშირდნენ.
„კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ოჯახთან კონტაქტზე არიან და პრობლემა მოგვარდება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, როგორც გარდაცვლილის შვილი, თათია გაბიჩვიძე განმარტავს, ავიაკომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის.
ცნობისთვის, თურქეთიდან საქართველოში მომდევნო უახლოესი სპეც.რეისი 2 ივლისს უნდა განხორციელდეს, თუმცა, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვს.