ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ.
ევროპარლამენტში, სადაც სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს, იუკნევიჩიანემ თქვა:
"ორშაბათს გაიმართა ყველაზე მასშტაბური აქცია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ხალხმა თბილისიდან გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გაყვნენ ევროპულ გზას. მინდა, მკაფიოდ ვთქვა - ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილიყო საქართველოსთვის მეტად კეთილგანწყობილი. მივმართავ ყველა ქართველ პოლიტიკოსს - მმართველ ელიტას და ოპოზიციას - იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ".
ის, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, იმავე სხდომაზე საფრანგეთის ევროპის მინისტრმაც განაცხადა.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.