logo
ENG



იუკნევიჩიენე EU-ს დახმარებაზე: მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროპული გზის წინააღმდეგაა

01 სექ 202116:38
3 წუთის საკითხავი
clock 623
იუკნევიჩიენე EU-ს დახმარებაზე: მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროპული გზის წინააღმდეგაა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგაა მიმართული. ამაზე მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

ევროპარლამენტარის თქმით, მიუხედავად იმისა, აიღებს თუ არა ოცნება დახმარებას, მან უნდა გააგრძელოს რეფორმები და საერთაშორისო ასპარეზზე დაკარგული ნდობა აღიდგინოს.

"ევროკავშირის დახმარებას ყოველთვის ახლდა პირობითობა. ხელისუფლების უარი ევროკავშირს, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას არ სურს რეფორმების გატარება. 

ის, რასაც ევროკავშირი აკეთებს, აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა თავად ევროპისთვის. ეს კეთდება ქართველი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მინდა იმედი ვიქონიო და მთავრობას შევახსენო, რომ აიღებენ თუ არა დახმარებას, მაინც უნდა გააგრძელონ რეფორმები, რადგან საქართველომ უნდა აღიდგინოს ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ახლა დაზიანებული და დაკარგულია", - თქვა იუკნევიჩიენემ.

​როგორც მან აღნიშნა, ხელოისუფლებამ საზოგადოების ნება უნდა გაითვალისწინოს, ქართველმა ხალხმა კი უნდა თქვას, ეთანხმებიან თუ არა ხელისუფოლების მხრიდან ევროპული გზის უარყოფას.

"ხალხია უმთავრესი, ევროპის დახმარება, ვალი მოდის ქართველი ხალხისთვის და არა პრემიერმინისტრისთვის. მთავრობის და პრემიერის პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ეს თანხა მოხმარდეს ქართველ ხალხს და მათთვის საჭირო რეფორმებს.

ფაქტია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ მიმართული", - თქვა იუკნევიჩიენემ.

(გამოყენებულია ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანი)

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციას,  ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.


close დახურვა