logo
ENG



იური ლუიქი: ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, საქართველოს ესტონეთის მხარდაჭერა ექნება

03 მარ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 

„ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, საქართველოს ესტონეთის უპირობო მხარდაჭერა ექნება“, - „ფორმულა news-მა“ ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ნატო-ს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ალიანსის წევრობისთვის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულად მუშაობა აუცილებელია. ესტონელმა მინისტრმა საჯარო გამოსვლის დროს საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ რუსულ კიბერთავდასხმაზეც ისაუბრა. 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიქმა, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, დღეს „ფორმულასთან“ ინტერვიუში ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, რომელშიც ალიანსმა ჩაწერა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ დეკლარაციას ყოველთვის დაიმოწმებენ და ნებისმიერი კამათი, საქართველოსა და უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით, რუსეთის ბუფერული ზონების პოლიტიკას შეუწყობს ხელს. ლუიქის ამბობს, რომ დეკლარაციაში შეთანხმება ჩაწერილია და პოლიტიკურად მისგან თავის არიდება არ მოხდება. მინისტრის თქმით, ალიანსის გაფართოების თემაზე, საქართველოს ესტონეთის ხმა ექნება.

„ესტონეთის ხმა თქვენ უეჭველად გექნებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ ბუქარესტის სამიტის ვალდებულება მკაფიოა და ის ნატო-ს ყველა მოკავშირემ ერთობლივად აიღო. ის ამბობს, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. წერტილი. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება. დღეს არა, თუმცა გააგრძელებთ რეფორმებს. თქვენი მეგობრები, როგორიც ესტონეთია, ზეწოლას გააგრძელებენ. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვალდებულება აღებულია, მას ყოველთვის დაუბრუნდებიან. მე მჯერა, რომ ეს მოხდება“, - აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიქი.

ალიანსის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის და ის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებაა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ვკითხეთ საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით, დასავლეთის დედაქალაქებში დაწყებულ მზარდ წუხილზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობის აუცილებლობას.

„ნება მომეცით, ზოგადად გიპასუხოთ. რა თქმა უნდა, ალიანსთან მიერთება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პარტნიორ, აპლიკანტ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. ზოგადად მხოლოდ დემოკრატიაზე არ არის საუბარი  და არჩევნებზე, არამედ იმაზე, რომ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი - სასამართლოები, პარლამენტი და სხვები, სწორი დემოკრატიული გზით უნდა ფუნქციონირებდნენ. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც სათანადოდ უნდა შეფასდეს“, - განაცხდა იური ლუიქმა.

დღესვე მინისტრს საჯარო გამოსვლა ჰქონდა ბრუკინგზის ინსტიტუტში, სადაც რეგიონში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. „ფორმულას“ შეკითხვის საპასუხოდ, იური ლუიქი შეეხო რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბოლო კიბერთავდასხმას საერთაშორისო თანამეგობრობის გამოძახილი მოჰყვა. მათ შორის შეერთებული შტატებიდან და ესტონეთიდან. ჩვენ მივაღწიეთ იმ მომენტს, როდესაც ბრალეულის იდენტიფიცირება შეგვიძლია. კიბერთავდასხმაში დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ: აღარ არის ის შეხედულება, რომ კიბერთავდასხმაში მონაწილე გამოუვლენელი დარჩება. უკვე არსებობს კრიმინალისტური კვლევის საშუალებები, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ, ვის უნდა დაედოს ბრალი. ესტონეთში გვჯერა, რომ საჯარო დადანაშაულება და შერცხვენა, საუკეთესო საშუალებაა ამ თავდახმების შესაკავებლად“, - აცხადებს ლუიქი „ფორმულასთან“ საუბარში.  

ნატო-ს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ კიბერთავდასხმაში მონაწილეობის უარყოფა დღემდე ადვილი იყო. დამაზიანებელი ქმედების ჩამდენის გამოვლენა კი, გარკვეულწილად უფრო მეტად გაურთულებს მას ახალ თავდასხმას.


close დახურვა